ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, მთავრობისაც და საზოგადოებისაც - გამყრელიძე ლექსო ლაშქარავაზე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი მედიის წარმომადგენლების პერფორმანსის შემდეგ დაიწყო.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, რომლებიც ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის გასაშუქებლად იყვნენ მისულები, თავიდან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ბრიფინგის დაწყების საშუალება არ მისცეს, გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით და წარწერებით ტრიბუნასთან დადგნენ და დამნაშავეების დასჯა და პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

თამარ გაბუნიას შემდეგ ტრიბუნა დაიკავა „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რომელმაც მწუხარება გამოთქვა ლექსო ლაშქარავას დაღუპვის გამო.

„საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, მისი დედა და დეიდა – ჩვენი ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო.

ეს ტრაგიკული შემთხვევა ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის და მინდა ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამის შემდეგ ის კორონავირუსზე საუბრის დაწყებას აპირებდა, თუმცა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გარდა მწუხარების გამოხატვისა, ვის პასუხისმგებლობას ხედავს ის ლექსო ლაშქარავას ამბავში.

„იცით, მე არ ვცემ პოლიტიკურ პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ, როგორც მოქალაქე, გიპასუხებთ, რომ ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ყველასი – დაწყებული მთავრობით, დამთავრებული საზოგადოებით – საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება რთული მდგომარეობა, როცა შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.