ყველას თანაბრად მოეთხოვოს შეკრების წესის დაცვა - ეკლესიებში ხალხის შეკრების შეზღუდვის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

პუბლიკა

საგანგებო მდგომარეობის გამო მიღებული რეგულაციების ეკლესიებზე გავრცელების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. პეტიციაზე ხელმომწერები მოითხოვენ, ყველა ინსტიტუტმა საქართველოში, მათ შორის, მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიცვას შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები და უსაფრთხოების ნორმები.

„საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, მორწმუნე ქრისტიანებიც, მივიჩნევთ: რაკი  სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ეპიდემიის გავრცელების აღსაკვეთად, პირველ რიგში, უნდა შეზღუდულიყო  ეკლესიებსა და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში შეკრების წესი. ეს თავიდან აგვარიდებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ახალი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის,  ქვეყნის პარლამენტის წევრების, საპატრიარქოს განცხადების მოსმენის შემდეგ,  მოგიწოდებთ:

დაიცვათ მოქალაქეების სიცოცხლის უფლება და ყველა ინსტიტუციას, შერჩევითი პრინციპის გარეშე, მკაცრად მოეთხოვოს საჯარო შეკრების დროებითი წესებისა და უსაფრთხოების სხვა ნორმების დაცვა, მათ შორის, ზიარების წესის კომპრომისული ხერხით შეცვლა.

ხელშეუხებელი დარჩეს საქართველოს მოქალაქის ყველა ძირითადი თავისუფლება.

დაიწყოს  მუშაობა  საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონკორდატის გასაუქმებლად“, – ნათქვამია პეტიციაში.