„ერთიანი პოზიციაა საჭირო“ - უგულავა ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე სამუშაო იდეებს სთავაზობს

პუბლიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის საკითხზე ოპოზიციას მწყობრი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

ის პოლიტიკოსებს სთავაზობს „სამუშაო იდეებს“ და ამბობს, რომ უნდა დატესტონ რამდენად დიდია „ოცნების“ სურვილი – „შეათრიოს“ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში.

„პარტიების აკრძალვის და შემდეგ გადადების დაანონსებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ ოცნება ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს. დღევანდელ ვითარებაში ის მართლაც ოპოზიციისთვის ხაფანგია. ზოგი ფიქრობს მონაწილეობას, ზოგი ყოყმანობს, ზოგიც უარყოფს. არადა ყველაზე მეტად ერთიანი პოზიციაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით მონაწილეობა ნებისმიერს რეჟიმის ლეღვის ფოთლად აქცევს. საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია. ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო.

ამასთანავე, ასევე ნათელია – ამ გამოწვევაზე მწყობრი პოზიციაა საჭირო – ე.წ. საგზაო რუკა – რათა ცხადი იყოს:
ა. რატომ არ ვმონაწილეობთ;
ბ. რა პირობებშია შესაძლებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა;

გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას. ეს სამუშაო იდეებია და ამით ვცდილობ გავიდეთ ურთიერთ ბრალდების რეჟიმიდან. ფაქტია, ოცნებას ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი – რისი დამთმობები არიან. რა შეიძლება იყოს ეს პირობები:

  1. პოლიტპატიმრების (მათ შორის სააკაშვილის) განთავისუფლება;

  2. ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც „ოცნებამ“ მიიღო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული (კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება);

  3. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით: გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს? (თარიღი ცხადია სამსჯელოა);

  4. პლებისციტში კი-ს გამარჯვების შემთხვევაში, არსებული „ოცნების“ მთავრობა გადადგება. ზურაბიშვილ-ყაველაშვილის და ბარიერგადალახული 4+1 („ოცნების“) ეგიდით დამტკიცდება ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს;

  5. „ქართული ოცნების“ ფაქტობრივი უმრავლესობა იღებს ვალდებულებას, დაამტკიცოს გარდამავალი მთავრობა“, – წერს უგულავა.

უგულავა წერს, რომ ოპოზიციის პირობები შეიძლება შეიცვალოს, გაფართოვდეს ან პირიქით, რისთვისაც მსჯელობაა საჭირო. უგულავას აზრით, მოსაფიქრებელია რა ვალდებულებას იღებს ოპოზიცია პლებისციტში მარცხის, ანუ „არას“ გამარჯვების მარცხის შემთხვევაში.

„პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საზოგადოებრივი ჯგუფები და მოძრაობები – ყველა დაინტერესებული პირი უნდა მსჯელობდეს ამაზე და არა დასწრებაზე ერთმანეთს იარლიყებს ვაწებებდეთ. თუ საგზაო რუკა იარსებებს ანუ მკაფიო პოზიცია იარსებებს, გვერდზე გახტომაც გაუჭირდებათ კოლეგებს. მარტო განცხადება – არ ვმონაწილეობ, არაა შემაკავებელი. ისევე როგორც ვმონაწილეობ, ვემზადები მონაწილეობისთვის – ღალატისა და გარიგების კვალს ტოვებს“, – წერს უგულავა.

მისივე თქმით, ცალკე საკითხია, რომ ასეთი თემები როგორც წესი შუამავალ, მომლაპარაკებელს გულისხმობს, თუმცა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლოა „ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი გახდეს საჭირო, „რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას“.

„აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას“, – წერს უგულავა.