ყველაზე მეტი დეზინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის – MDF-ის ანგარიში

პუბლიკა

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია

საანგარიშო პერიოდში „მითების დეტექტორმა“ პოლიტიკოსებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების მიერ გავრცელებული 22 დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსი გადაამოწმა.

აქედან ყველაზე მეტი დეზინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ (9) წარმომადგენლებს ეკუთვნით, შემდეგ ადგილებზე არიან: „ქართული მარში“ (7), „ქართული იდეა“ (2) და „პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად მონაწილეობდა (2), „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა (1) და ზვიად ტომარაძე, რომელიც გლდანში კენჭს „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობის“ სახელით იყრიდა.

კვლევის მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსი“ ყველაზე ხშირად ისტორიით მანიპულირებდა და ამ თემას თურქოფობიური განწყობის გასაღვივებლად იყენებდა.

„ქართული მარში“ იდენტობის დაკარგვის საფრთხის გარდა, ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით კრემლის დეზინფორმციულ გზავნილებს იმეორებდა.

„ქართული მარშის“ წევრებმა ესტონეთის მოქმედი და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტების, ასევე აშშ-ში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ 3 დეზინფორმაცია გაავრცელეს, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის ხასიათს ატარებდა“, – წერია ანგარიშში.


ანგარიშში გამოყენებულია კვლევის შერეული მეთოდოლოგია: კონტენტ-ანალიზი; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია;

მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც ნაციონალური დაფარვის, ასევე რეგიონული მედიასაშუალებები. ტრადიციული მედიის გარდა, დაკვირვება ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს CrowdTangle-ის მეშვეობით ფეისბუკანგარიშებზეც მიმდინარეობდა, ასევე – პარტიული აქტივისტების ინდივიდუალურ პროფილებზე. აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის სუბიექტების ბაზა მუდმივად განახლებადია.