ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ - თურნავა

პუბლიკა

დღეს მთავრობის კანცელარიაში ტურიზმის აღდგენის გეგმის პრეზენტაციისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ  ტურისტულად საქართველოსთვის საინტერესო ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები უსაფრთხო კორიდორების შექმნაზე უკვე მიმდინარეობს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებითვის გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავას ამ საკითხზე შეკითხვა დაუსვეს.

ნათია თურნავას თქმით, უფრო კონკრეტული ინფორმაცია ამ კითხვაზე უახლოეს მომავალში გახდება საჯარო, რადგან ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დასრულებული არაა.

„ყველაზე მარტივია ფრენები აღდგეს იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომლებიც გვქონდა. ვლაპარაკობთ აირზენასთან, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით განახლდეს რეგულარული ფრენები და საჭიროების შემთხვევაში დახმარების პაკეტს შევთავაზებთ“.

მისი თქმით, ყველაზე რეალისტურია პირველი ტურისტები საქართველოში ქვეყნის გახსნის შემდეგ რეგიონიდან შემოვიდნენ.

„აირზენას შემთხვევაში სულ მცირე ორი მიმართულებაა. ვიზეარის შემთხვევაში ველოდებით შორთლისტს იმ მიმართულებებზე, სადაც უკვე დაფრინავდნენ და საიდანაც მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ტურისტების შემოყვანა შეეძლებათ. პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან. ასევე, აქტიური ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით, საიდანაც ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა. თუმცა ყველაზე რეალისტურია პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. ეს კოვიდამდეც აქტიური მიმართულება იყო და ტურისტების დიდი რაოდენობა შემოდიოდა. მარტივია მათთვის, რადგან საჰაეროს გარდა, სახმელეთოთიც შემოვლენ. უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის პირველ ეტაპზე ალბათ რეგიონის ქვეყნებს ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არცერთ შანსს, რომ უახლოეს პერიოდში ისევ ევროპელი ტურისტები შემოვიყვანოთ“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ნათია თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, ცნობილი გახდა ტურიზმის აღდგენის ვადები. 15 ივნისს აღდგება შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებისთვისაც გაიხსნება.