ყველაზე უფრო მეტად მაშინებს ახალი წელი. შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს - იმნაძე

პუბლიკა

„ყველაზე უფრო მეტად მაშინებს ახალი წელი, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სავაჭრო მოლებში წესების დაცვით მიმდინარეობს მოქალაქეების მიღება და აქედან გამომდინარე, მისი აზრით, სავაჭრო ობიექტების გახსნა შემთხვევების რაოდენობის მატებას არ გამოიწვევს. როგორც იმნაძე აღნიშნავს, ამ კუთხით მისთვის საფრთხილოა ახალი  წელი, როდესაც ადამიანები ეცდებიან, მოინახულონ თავიანთი ახლობლები.

„რა ინფორმაცია მაქვს, ყველგან განსაკუთრებით დიდ  მოლებში, კარგად არის დაცული წესები, დისტანცია, ნიღაბი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა, ყველა ხედავს, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში მის გარშემო როგორი იყო ავადობა და როგორია დღეს. ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩემმა კლინიცისტმა კოლეგებმა, რომელთაც ოდნავ ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ეს ყველაფერი სტაბილური არაა, მყიფეა.

არ მგონია, რომ მაღაზიებმა და ვაჭრობამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რაოდენობას. ყველაზე უფრო მეტად მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეცდება, ძველებურად შეხვდეს ახალ წელს, მოინახულოს თავისი ახლობლები. ეს მაშინებს ყველაზე მეტად. შესაბამისად, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს”, – განაცხადა იმნაძემ.