პასუხისგებაში მიცემული პირის დაკავება-დაპატიმრების საკითხი, გასამართლების საკითხი, სასჯელის შერჩევის საკითხი რამდენად არის დროული თუ უდროო, ამას წყვეტს ერთადერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ამას ჰქვია მოსამართლე, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკურად დროული“.
თეა წულუკიანის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
1TV-ის ცნობით, როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, როდის და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე.
„ალბათ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში მოსამართლის პატივისცემა. მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მისი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოსწონდეს. სასამართლო პროცესში ყოველთვის არის ორი მხარე და არასდროს არ გამოდის ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს დავა. როგორც წესი, ერთი იგებს, მეორე აგებს. როდის გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე. ხანდახან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველი მოსამართლე უნდა იყოს ის, ვისაც უნდა ვურტყათ წიხლები? მე ეს ძალიან არ მომწონს, არ მომწონდა ეს, როდესაც ვიყავი იქ, სადაც ვმსახურობდი რვა წელი, და რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს ახლა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ პოლიციელის პატივისცემას, მივეჩვიოთ პროკურორის პატივისცემას, და რასაკვირველია, მივეჩვიოთ იმას, რომელ თანამდებობაზეც არ უნდა ვმუშაობდეთ, მოსამართლე არის თავისუფალი. მას მხოლოდ ერთი ბატონი ჰყავს, ეს არის კანონი. ამას თუ არ მივეჩვევით, ვერ ავაშენებთ იმ სახელმწიფოს, რომლის აშენებაც მგონი, ჩვენ ყველას გვინდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის შესახებ შეკითხვას უპასუხა:
„მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ წარმოვთქვა, რომ პოლიტიკურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, როგორც ყველამ იცის, რომ იყო სხვადასხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.