ყვითელი ლენტი „ოცნების“ ოფისთან | აქტივისტებმა გიორგი რურუას პატიმრობა გააპროტესტეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალემ“, სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართა და შენობის წინ პოლიციის ყვითელი ლენტი გააკრა. საპროტესტო პერფომანსით აქტივისტებმა გიორგი რურუას დამნაშავედ ცნობა და 4-წლიანი პატიმრობა გააპროტესტეს.

„ეს არის პოლიციის ლენტი, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ, სადაც დანაშაულის ადგილია. ეს ადგილი კი „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა გახადეს დანაშაულის ადგილად, საიდანაც გაიცემა პოლიტიკური რეპრესიების ბრძანებები.

ბიძინა ივანიშვილმა რურუას პატიმრობაში გაშვებით მოატყუა საერთაშორისო პარტნიორები, კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და არ შეასრულა 8 მარტის კომპრომისული შეთანხმება, რითიც გვითხრა, რომ წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე ვერ ჩატარდება შედარებით მშვიდ გარემოში და წუნასაარჩევნოდ ის წავა ყველა მეთოდზე“ , – განუცხადა ჟურნალისტებს „შეცვალეს“ აქტივისტმა.

  • IMG-291a576acd2790fd74bcdc7e0e006edd-V

  • 1

  • 2

  • 3

  • 5








  • 01
    /





დღეს „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიღებული, დაცვის მხარე კი ამბობს, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა. გიორგი რურუას ადვოკატები პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ოპოზიციონერების ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც უსამართლოს და დაუსაბუთებელს, ზოგადად სამართლის სისტემას კი „მონსტრებისა და ჩმორების კორპორაციად“ მოიხსენიებს. „ოცნების“ ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის 8 მარტის შეთანხმების დარღვევა: „რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურად განხორციელებული მართლმსაჯულების თაობაზე ქვეყანაში და ამას უპასუხეს დღეს გიორგი რურუას დაპატიმრებით  – კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს სამადაშვილი.


გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.