თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები მიიღებენ დახმარებას. მისი თქმით, ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები, სავარაუდოდ, მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და ისინი მიიღებენ 300 ლარს.
„დახმარებების პაკეტში მიკროვატობუსის მძღოლები მოხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და ისინი მიიღებენ 300-ლარიან დახმარებას. გარდა ამისა, ყვითელი ავტობუსების მძღოლების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით, ისინი ემსახურებოდნენ ექიმებს, მერიის თანამშრომლებს,ჩვენს კონტრაქტორებს ხალხის გადაყვანა-გადმოყვანაში. დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ამ მიმართულებით ქალაქს“.
კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში თვითდასაქმებულების იდენტიფიცირებაში მუნიციპალიტეტები ვერ ჩაერთვება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შესაბამისი ბაზები, რითიც მოხდება მათი იდენტიფიცირება.
კალაძემ აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულების იდენტიფიცირებაში გარკვეული პრობლემებიც არის. მაგალითად, მისი თქმით, რთულია ძიძების იდენტიფიცირება.
თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების პროცესში მუნიციპალიტეტი ვერ ჩაერთვება. ამაზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც აქვს ყველა ბაზა, რომ მოხდეს თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება, თუმცა აქაც არის გარკვეული პრობლემები, მაგ: ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ძიძა. დღემდე ვერ მოვიფიქრეთ, რა უნდა წარადგინოს ასეთმა ადამიანმა დამადასტურებელი ცნობის სახით, რომ მას გაეწიოს დახმარება. ამ მიმართულებით დღესაც მიმდინარეობს მუშაობა.
კალაძემ აღნიშნა, რომ A და B კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი ტაქსის მძღოლები მიიღებენ დახმარებას.
„თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს ის პირები, მაგ: ტაქსის მძღოლები, ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები, რომლებიც 23 000 არის ბაზაში, ამას ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ და გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს. A და B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მოხვდებიან ასევე ამ დახმარებებში“, – თქვა კალაძემ.