ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა შრომის პირობები გააპროტესტეს

პუბლიკა

მეტროსადგურ „ახმეტელთან“ დღეს ყვითელი მიკროავტობუსის ათობით მძღოლი შეიკრიბა. ისინი ხელფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსების შემოყვანის შემდეგ გამომუშავებაზე  გახდნენ დამოკიდებული.

როგორც ერთ-ერთი მძღოლი ავთანდილ კაკიაშვილი აცხადებს, თუ აქამდე ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლის ხელფასი საშუალოდ 1 500 ლარამდე იყო, ახლა შემოსავალი 700-800 ლარია.

„ჩვენ ახლა კაბალურ პირობებში ჩაგვაყენეს და მოვითხოვთ ისეთ პირობებს, რომ ლურჯი მიკროავტობუსის მძღოლებს გავუთანაბრდეთ – ანაზღაურებით, დაზღვევით და ა.შ.“, – აცხადებს კაკიაშვილი.

საპროტესტო აქციაში მონაწილე მძღოლები ასევე მოითხოვენ, რომ დროულად გადასცენ საკუთრებაში ავტომობილები, რადგან მათი თქმით, ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

„7 წელში მანქანები ჩვენს საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო, 10 წელი გავიდა და დღემდე მანქანები ჩვენს სახელზე არ არის“, – აცხადებს გიორგი ტომარაძე.