„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხისშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის შესახებ არასწორი იყო, რადგან მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ მესხიშვილმა „ტელეკომპანია პირველის” ეთერში ისაუბრა.
დავით მესხიშვილმა აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან მძღოლების, კონტროლიორებისა და მგზავრების იზოლირების გადაწყვეტილება სწორი იყო, თუმცა სამარშრუტო ტაქსების აკრძალვა, მისი თქმით, ეწინააღმდეგება ვირუსის პრევენციის ერთ-ერთ პრინციპს, რაც ხალხმრავლობისგან თავდაცვას გულისხმობს.
„პირველი რეკომენდაცია არის, რომ თავი შევიკავოთ საერთოდ მგზავრობისგან, მაგრამ მეორე რეკომენდაცია არის ის, რომ უზრუნველვყოთ ისეთი გარემო, რომ მივიღოთ მგზავრების სიხალვათე. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გაიჭედა ავტობუსები პიკის საათში. ვინ მგზავრობს? ესეც უნდა ვიკითხოთ. ერთი ის, ვისაც აქვს აუცილებელი გარემოება და მეორე – ის, ვისაც საფრთხე შეიძლება, არ აქვს გათავისებული. ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი გათვლის გარეშე აუქმებ ტრანსპორტს, რომელსაც გადაჰყავს, დაახლოებით, 300 000-ზე მეტი მგზავრი, არ შეიძლება”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.