2021 წლის ზაფხულის სეზონზე საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი თქმით, სპეციალისტები ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, მაღალმთიან რაიონებში კი +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ.
„ატმოსფერული ნალექის რაოდენობა სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე – ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი ექსპერტების მიერ კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2021 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი გლობალური და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა.