ზაჰესის იზოლატორშია 6 პირი, 2 მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებულნი.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისივე თქმით, მათგან ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა.

„ზაჰესის იზოლატორშია 6 პირი. მოვინახულე ყველა მათგანი. 2 მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებებს ართმევს ჩვენი წარმომადგენელი. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მივადევნებთ თვალ-ყურს გამოძიების პროცესს.

ფიზიკურ დაზიანებაზე აქ მონახულებული 6 ადამიანიდან 2 მიუთითებს, მაგრამ აქედან ერთს ეტყობა ფიზიკური დაზიანება სახეზე. მეორე ამბობს, რომ დაზიანება მიიღო, მაგრამ არ ეტყობა“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში.

ომბუდსმენი ამბობს, რომ პოლიციის ქმედებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო აქციის პირველ და მეორე დღეებს შორის.

„აბსოლუტურად განსხვავებული იყო პოლიციის მოქმედება პირველ დღესა და მეორე დღეს შორის, პირველ დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ საბოლოო ჯამში პოლიციის მოქმედება არ იყო ასეთი ინტენსიური და უხეში ჩარევა უფლებებში, მეორე დღეს კადრებში ჩანს, როდესაც პოლიცია კონკრეტულ მოქალაქეებს მისდევს და მათზე ფიზიკურად ზემოქმედებს და ასე შემდეგ…“

ომბუდსმენი ამბობს, რომ აპარატი ყველა ამ შემთხვევას შეისწავლის და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს ინფორმაციას, როგორც შსს-ს მხრიდან ძალის გამოყენების პროპორციულობის შესახებ.

შსს-მ გუშინდელ აქციაზე 11 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.