ზაკაევი: რუსების შემოშვება საქართველოში და ჩრდილოკავკასიელების დაბლოკვა დიდი შეცდომაა

პუბლიკა

„რუსების შემოშვება საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების დაბლოკვა არ არის სწორი. ამის გაკეთება არ შეიძლება, “– განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახმედ ზაკაევმა.

მან თქვა, რომ საქართველოს პოზიცია არ უნდა იყოს ანტიკავკასიური. მისი თქმით, ჩრდილოკავკასიელები გაცილებით უფრო კეთილგანწყობილები არიან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, ვიდრე ის ხალხი, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ანექსიას და რუსეთის ომს საქართველოში.

„დღეს ჩაკეტილია საზღვრები და არ უშვებენ ქვეყანაში ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებს. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ამის გაკეთება არ შეიძლება. პუტინი არ არის მუდმივი. რუსეთი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის, არ არის მუდმივი. კავკასიას კი მომავალი აქვს და ეს მომავალი აქვს მხოლოდ ურთიერთობით და ძმური კავშირებით, რომელიც დღემდე შემორჩა. ასეთი აშკარა დემონსტრაცია [საქართველოში არშემოშვება] ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების მიმართ, რომლებიც რეალურად ცდილობენ გენოციდს დააღწიონ თავი, არ არის სწორი.

პუტინი ამ თავის მობილიზაციას ახორციელებს სწორედ ჩრდილოეთ კავკასიელი მცირე ხალხების ხარჯზე, რომლებიც არიან კოლონიალურ დამოკიდებულებაში. კავკასიელები ცდილობენ პირველ რიგში წავიდნენ საქართველოში, ეს არის ძმური ქვეყანა.

რეალურად, საქართველოს ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია ამ ხალხების მიმართ, რომლებიც აღმოჩნდნენ რუსეთის უღლის ქვეშ, რუსული გავლენის ქვეშ. უნდა შეუშვათ ეს ხალხი თქვენს ქვეყანაში, შემდეგ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, შეიძლება ისინი წავიდნენნ მესამე ქვეყნებში, მაგრამ დღეს რომ გადავარჩინოთ ეს ახალგაზრდები, ეს გენოფონდი კავკასიის ხალხებისა, ისინი უნდა გაექცნენ ამ მობილიზაციას.

მათ არ უნდათ გახდნენ მოკლულები და არც უნდათ გახდნენ მკვლელები უკრაინელი ხალხის. ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის გონებაში, “- თქვა მან.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარსის გამშვები პუნტქიდან საქართველოში არ უშვებენ ჩრდილოკავკასიელებს. ამის შესახებ „მთავარ არხთან“ ისაუბრა ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა.

როგორც ის ჰყვება, მას დაუკავშირდნენ ჩეჩნეთის მოქალაქეები და უთხრეს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტთან რამდენიმე დღეა იმყოფებიან  ქალები, კაცები და ბავშვები, მაგრამ მათ საქართველოში შესვლის უფლებას არ აძლევენ. მან თქვა, რომ ჩეჩნეთის რამდენიმე მოქალაქისგან შეიტყო, რომ რუსეთის მოქალაქეებს ძირითადად უშვებენ საქართველოში, ჩრდილოკავკასიელებს კი ბლოკავენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.