ზახაროვა: დასავლეთი თბილისს განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას ართმევდა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, ​„საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გამოყენებაში” დასავლეთი დაადანაშულა.

ზახაროვამ თავდაპირველად სომხეთის შესახებ ილაპარაკა. კერძოდ, ის გამოეხმაურა სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც ერევნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომებს ეხება.

„ჩვენ გვჭირდება ასეთი მიდგომა – ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და მომავალშიც პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის სუვერენულ არჩევანს. ამავე დროს, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის შესახებ განცხადებები კეთდება იმ ადამიანების დევნის ფონზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას”. – თქვა ზახაროვამ.

ხაზაროვას განცხადებით, „რუსეთი მზად არის, განიხილოს სომეხი კოლეგების შესაძლო შეშფოთება როგორც საპარლამენტო არხებით, ისე – შესაბამის უწყებებს შორის კონსულტაციების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ირგვლივ შექმნილი საინფორმაციო ფონის გამოსწორების მიზნით”.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა თქვა, რომ კონცეფცია „ჰიბრიდული ომი” ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა მოიგონეს და მაშინვე დაიწყეს მისი პრაქტიკაში განხორციელება”.

„არც ისე დიდი ხნის წინ, სომხეთის მეზობელ საქართველოში კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავი მთელი თავისი „ჰიბრიდული დიდებით“: ისინი უხეშად ერეოდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში, აძლიერებდნენ მაიდნის განწყობებს, ართმევდნენ თბილისს განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას და პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებდნენ, ემუქრებოდნენ მას ისედაც ილუზორული ევროპული პერსპექტივის ჩამორთმევით”. – თქვა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება სომხეთის საიმედო მოკავშირედ. მისივე განცხადებით, რუსეთიდან სომხეთში ხორბლის მიწოდება უახლოეს დროში იქნა ორგანიზებული აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რკინიგზის ახალი მარშრუტით. მისი თქმით, პირველი პარტია რუსეთიდან სომხეთში 6 ნოემბრის ღამეს ჩავიდა.

„სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში მონაწილეობისას რუსეთი მუდმივად ხელმძღვანელობდა მათი სუვერენული ეროვნული ინტერესებით. თუმცა დასავლეთის შუამავლობის მცდელობებს ჯერ კიდევ წინ აქვს დროის გამოცდის გავლა”. – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.