რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, გააკრიტიკა დასავლეთი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისა და აშშ-ის სენატის მიერ „ლენდ-ლიზის“ პროგრამის დამტკიცების გამო.
„რა თქმა უნდა, NATO უკრაინაში ჩართული იყო აქამდეც და ახლაც. ეჭვი არ არის, რომ ამ ყველაფრისთვის მზადება მიდიოდა პოლიტიკურად, საინფორმაციო კუთხით. ეს ყველაფერი მოხდა NATO-ს სტრუქტურების ხელმძღვანელობითა და კონტროლით“, – განაცხადა ზახაროვამ სალავიოვის გადაცემაში.
მარია ზახაროვამ კონფლიქტის ესკალაციაში აშშ-ს დასდო ბრალი, რადგან, მისი თქმით, კიევის უკან ნორმანდიის ფორმატშიც კი უშუალოდ აშშ მოქმედებდა.
„ასე რომ, ნორმანდიის ფორმატიც კი, მიუხედავად იმისა, როგორც თავად პოზიციონირებენ, მასში დასავლეთის ორი გიგანტი იყო ჩართული, გერმანიისა და საფრანგეთის სახით, უნაყოფო იყო. მათ ვერაფერს მიაღწიეს კიევთან, რადგან კიევის ყოველი სიტყვის უკან აშშ იდგა“, – თქვა ზახაროვამ და დაამატა, რომ NATO სიტუაციის ნორმალიზების ნაცვლად უკრაინისთვის იარაღის გადაცემას განაგრძობს და ამწვავებს კონფლიქტს.
აშშ-ის სენატმა აღადგინა სახელმწიფო პროგრამა „ლენდ-ლიზი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევდა, მყისიერად მოემარაგებინა მოკავშირეები ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში – ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთხმად მხარდაჭერილი კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, ბევრად ეფექტიანად, სწრაფად და პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გაუგზავნოს იარაღი უკრაინას.
ასევე, როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარე NATO-ს მინისტერიალზე უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გადაცემაზე მსჯელობენ.