ზახაროვა: სანდუ და ზელენსკი შეურაცხყოფენ საქართველოს და მის ხალხს კურატორების დაკვეთით

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია „სპუტნიკთან” საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

სპუტნიკის” გადაცემის წამყვანმა მარია ზახაროვას ჰკითხა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომ „ევროპამ საქართველო დაკარგა”. მისი კითხვა ასევე ეხებოდა გაყალბებულ ვიდეოს, რომელშიც მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს თითქოს რუსეთის კოლონიას უწოდებს, თუმცა არც ჟურნალისტს და არც ზახაროვას არ უხსენებიათ, რომ სანდუს ვიდეო ყალბია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა, რომ ზელენსკის და სანდუს განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით „მათი დასავლელი მმართველების პოლიტიკური დაკვეთაა”.

„[განცხადებების სიმკაცრის] ეს მასშტაბი უბრალოდ გასაოცარია. ეს არის მხოლოდ სიტყვები, რომლებიც მიემართება საქართველოს ხელისუფლებას – ისინი არსებითად შეურაცხყოფენ საქართველოს და მის ხალხს. და რატომ? კიდევ ერთხელ, ეს მათ კურატორებმა შეუკვეთეს. ეს არის იგივე სახის პოლიტიკური უზრდელობა, რომელსაც დასავლეთი უკვეთს; ისინი უბრალოდ რთავენ ამ ღილაკს, როცა ზეწოლაა საჭირო”. – თქვა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ილაპარაკა რუსულ კანონზე და „ქართული ოცნება” მისი მიღების გამო გაამართლა, ამავე დროს, ისევ გააკრიტიკა დასავლეთი, რომელიც „ოცნებას” რეპრესიული კანონების გამო აკრიტიკებს.

„მე საერთოდ არ მესმის, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების კრიტიკა იმისთვის, რასაც ისინი კანონმდებლობის კუთხით აკეთებენ, თუ ეს კანონმდებლობა არ აზიანებს, მაგალითად, დიასპორას […].

მაგრამ, თუ ეს კანონი ეხება მხოლოდ საქართველოს შიდა სივრცეს, არავის აყენებს შეურაცხყოფას, არ ზღუდავს არავის უფლებებს, რომლებიც დაკავშირებულია სხვა ქვეყნებთან და ეს არის არჩევანი, რომელსაც აკეთებენ საქართველოს კანონიერი წარმომადგენლები საკუთარ ქართულ სახელმწუფოსა და საზოგადოებაში, არავის აქვს უფლება მათ უთხრას, სჭირდებათ თუ არა ეს.

ისტორიულად ხდება – შეიძლება იყოს კანონები, საკანონმდებლო აქტები, ინიციატივები, რომლებსაც შემდეგ გამოაცხადებენ არასაჭიროდ, განუხორციელებლად, არაეფექტიანად – შეიძლება, ასე მოხდეს? – შეიძლება. არის ასეთი მაგალითები? – ძალიან ბევრი. მაგრამ სწორედ ამისთვის არის თავისუფლება. ასეთია თავისუფლება და რატომღაც, სწორედ ამ ნაწილში, დასავლეთი უარს ეუბნება სხვებს დემოკრატიასა და თავისუფლებაზე”. – თქვა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, დასავლეთს ავიწყდება, რომ „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც არაა დაკავებული საგარეო მოდელირებით, სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს ახლანდელ საზღვრებში დარჩენილი ხალხის შემადგენლობის რელიგიური, ეთნოკულტურული, ეთნო-კონფესიური გარდაქმნით”.

„სუვერენული დემოკრატია” რუსული პროპაგანდისტული იდეოლოგიაა, რომლის მიხედვითაც, „გარედან შენიშვნების მიღება მიუღებელია”. მას „ქართული ოცნების” წევრები საქართველოში ავრცელებენ და ყოველდღიურად იმეორებენ – ისინი, მარია ზახაროვას მსგავსად ამ ნარატივს დასავლეთის მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებების კრიტიკაზე საპასუხოდ იყენებენ.

ზახაროვამ შეურაცხმყოფლად ახსენა მიხეილ სააკაშვილი – მას „არანორმალური და ავადმყოფი უწოდა”.

მან გააკრიტიკა დასავლეთი სააკაშვილის მხარდაჭერის გამო და შეაქო „ქართული ოცნება”, რომელმაც  „საქართველოში სიტუაციის გამოსწორება დაიწყო სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით”.

მარია ზახაროვას თქმით, სწორედ ამის შემდეგ განახლდა „შეურაცხყოფა დასავლეთის მხრიდან”.