„როდესაც აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, მასში უნდა იყოს დაცული დისტანციისა და უსაფრთხოების ზომები“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე უნდა იყოს დაცული ზოგადი ჰიგიენის წესები, რაც ტრანსპორტის დასუფთავებასა და დამუშავებას გულისხმობს.
„ვფიქრობთ, რომ მაშინ, როდესაც აღდგება მისი ფუნქციონირება ჩვენს ქვეყანაში, უკვე კარგად გვექნება გათვიცნობიერებული და ათვისებული საზოგადოებრივი ქცევები, რაც გულისხმობს ფიზიკურ დისტანცირებას, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებას საზოგადოებრივ ტრანსპოსტრში. ალბათ ერთი ხანი ჩვენ დაგვჭირდება, რომ გამოვიყენოთ ნიღაბი და გამოვიყენოთ სწორად”, – ამბობს ზახაშვილი.
ზახაშვილმა განმარტებები გააკეთა ასევე ხელთათმანისა და ნიღბის სწორ მოხმარებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ხელთათმანების არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, ზიანი მოგვიტანოს.
„იყავით ფრთხილად ხელთათმანების გამოყენებისას. არ შეიძლება, ჩათვალოთ, რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ, ხართ უსაფრთხოდ. ხელთათმანიც ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები, თუ არ მოხდა ხელთათმანის ხშირი ცვლა, იმავე საფრთხეებს შეგიქმნით, რასაც დაბინძურებული ხელები. უმჯობესია, ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე გამოიყენოთ ხელთათმანი გამოცვლის გარეშე, მთელი დღე გეკეთოთ ერთი და იგივე დაუმუშავებელი ხელთათმანი და ამით გაზარდოთ რისკები ჯანმრთელობისთვის”, – ამბობს ზახაშვილი.
რაც შეეხება ნიღაბს, მისი რეკომენდაციები შემდეგია:
„ასევე გახსოვდეთ ნიღბის სწორად მოხმარების წესები. უმჯობესია, რომ ნიღაბი გამოიყენოს დაავადებულმა. დღესდღეობით უკვე დადგენილია, რომ თუ დაავადებული ადამიანი იყენებს ნიღაბს, 75%-ით მცირდება ჯანმრთელებზე დაავადების გადაცემის რისკი, მათ შორის covid-19-ის. თუ მას იყენებს ჯანმრთელი, მაშინ გადაცემის რისკი განახევრებულია, ხოლო თუ მას ორივე იყენებს, მაშინ რისკი არის მინიმალური.
შესაბამისად, დღეისთვის რეკომენდაციები უკვე გულისხმობს ამ ნიღბის გამოყენებას როგორც იმ ადამიანისთვის, რომლებსაც შეიძლება აღენიშნებოდეს სიმპტომები, ასევე ჯანმრთელი ადამიანისთვის. განსაკუთრებით იქ, სადაც ხდება ასეთი ადამიანების თავშეყრა.
ამიტომ ადამიანებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოხდეს ნიღბის სწორად გამოყენება. ნიღბის გამოყენებისას აუცილებლად წინასწარ დაიბანეთ ხელები, სახეზე გაიკეთეთ ნიღაბი სუფთა ხელებით, ცხვირის მოსარგებ არეზე კარგად მოირგეთ, რომ ნიღაბი არ ცურავდეს ცხვირიდან და ის აუცილებლად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს ერთდროულად. და ხშირად ნუ შეეხებით ნიღაბს ხელით. ნიღაბი უნდა გამოიცვალოს 2-3 საათში ერთხელ, აუცილებლად. ასევე მაშინ თუ ის ინესტება. ეს შეიძლება მოხდეს გრილი ადგილიდან უფრო თბილ ადგილას შესვლისას. გამოიყენეთ ნიღაბი, იქ სადაც ხვდებით ადამიანებს. სადაც არის მასობრივი თავშეყრის ადგილები.
ასევე კითხვების ნაწილი ეხება ხოლმე ბავშვებში ნიღბების გამოყენებას. ზოგადად 2 წლამდე ასაკში ნიღბების გამოყენება რეკომენდებული არაა, შესაბამისად, ამ ასაკის ბავშვების მშობლები უფრო მეტად უნდა იყვნენ გამეცადინებული, რომ მათი შვილები არ მოხვდნენ ისეთ არეალში, სადაც შეიძლება, რომ საფრთხე შეექმნას მათ ჯანმრთელობას”, – ამბობს ხაზაშვილი.