საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების დაწესებაზე შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, პერსონალურად საქართველო, როგორც ქვეყანა, ვერ აწესებს სანქციებს, ვინაიდან პასუხისმგებლობით ეკიდება შესაძლო რისკს და ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სიფრთხილე.
„სანქციები ის უმწვავესი ზომაა, რომელსაც იყენებს საერთაშორისო მეგობრობა. სანქციების დანიშნულებაა, მას ჰქონდეს უმწვავესი ეფექტი. საქართველო არასდროს უკან არ იხევს მკაფიო, მკაცრი ზომებისგან.
საზოგადოებას დავიწყებული აქვს და მინდა შევახსენო – 2014 წელს, როცა ღარიბაშვილი პრემიერი იყო, საქართველო შეუერთდა სანქციებს ყირიმთან მიმართებაში. ეს სანქციები ყოველწლიურად გრძელდება და 2014 წლის შემდეგ უკან არ დაგვიხევია, მაგრამ, როცა საუბარია ქვეყნის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე, პრემიერმა განმარტა, რა საფრთხეებს ვხედავთ და ამაზე ვესაუბრებით უკრაინელ და ევროპელ კოლეგებს.
ეს სიფრთხილე მისი პასუხისმგებლობიდან მოდის, რომელიც თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს. რა გგონია, თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც რუსული აგრესია ჰქვია საქართველოში.
პასუხისმგებლიანი მთავრობა ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან და არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია. ის, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანი საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ და როგორ?! ის, რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გუშინ გამოდის და ამბობს, რომ შემდეგი შეიძლება საქართველო იყოსო. ეს ჰაერიდან ხომ არ მოდის. ეს არის ის საფრთხე, რომელზეც ინფორმაცია ჩვენ და ევროპელ პარტნიორებს აქვთ.“ – განაცხადა დავით ზალკანიანმა.
მისი თქმით, მას არ სურს, თბილისისკენ მომავალი რუსული ტანკები კვლავ იხილოს.
„მე არ მინდა, რომ საქართველომ გადაუხვიოს იმ არჩეული კურსიდან, რა კურსიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ამას მივიყვანთ ბოლომდე. გუშინ პრემიერ-მინისტრი, როცა ვარხეის ესაუბრა, საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირში პერსპექტივის თემა. როგორ ფიქრობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნაკლები პატრიოტია?“ – განაცხადა ზალკალიანმა.