ზალკალიანი უკრაინის განაცხადზე: გვესმის ჩვენი უკრაინელი ძმების, რომ ამ სიტუაციაში ეს ნაბიჯი გადადგეს

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოს სახელისუფლებო პროგრამის ნაწილია 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება და ეს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

„საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რომ ჩვენ სახელისუფლებო პროგრამაში ეს ჩადებულია, რომ 2024 წელს ჩვენ უნდა გავაკეთოთ განაცხადი წევრობის.

ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამაზეა მორგებული ჩვენი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, გვესმის ჩვენი უკრაინელი ძმების, რომ ამ სიტუაციაში, რომელშიც ისინი იმყოფებიან, ეს ნაბიჯი გადადგეს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მათ მიმართ სოლიდარულები ვართ და ამავე დროს ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ევროპელ პარტნიორებთან. ბორელთან საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზეც მქონდა საუბარი.

საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ევროკავშირში არ არსებობს რაიმე მექანიზმი რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებმა აღნიშნულ საკითხზე პეტიცია შექმნეს.

ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინამ სპეციალური პროცედურის ქვეშ, დაჩქარებულ რეჟიმში, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დააყენა დღის წესრიგში. უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებს მხარს პოლონეთი უჭერს.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განცხადებას ევროკავშირში გაწევრების შესახებ.