დღეს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ ამცნო საზოგადოებას. როგორც ცნობილია, დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე განაგრძობს საქმიანობას, მას კი მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი შეცვლის.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საზოგადოებას დავით ზალკალიანმაც მიმართა. მან გაიხსენა თავისი დიპლომატიური საქმიანობის ისტორია და აღნიშნა, რომ 30 წელია, ამ სფეროში საქმიანობს.
ზალკალიანმა ისაუბრა თავისი მინისტრობის პერიოდში არსებულ მიღწევებზე საგარეო პოლიტიკური კურსისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
„ისე, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია, საქართველომ შეძლო თავისი პოზიციების მკაფიოდ დაცვა ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილნი და ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავება მოწინავე პოზიციები.
ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მეამაყება, რომ ჩვენი მინისტრობის პერიოდში დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ იყო გაწერილი ძირითადი მიმართულებები საგარეო პოლიტიკის.
მეამაყება, რომ ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობა მაქვს მიღებული ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში, მისი პარაფირებისა და შემდგომ უკვე პრემიერ-მინისტრმა მოაწერა მას ხელი, გახსოვთ.
ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით და გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა სავიზო ლიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, ჩვენი მინისტრობის ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო ის განაცხადი, რომელიც გაკეთდა ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მინდა ილიას წარმატება ვუსურვო, რადგან ეს არის უსერიოზულესი გამოწვევა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და როგორც არასოდეს გვჭირდება ერთიანობა და კონსოლიდაცია, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას.“ – განაცხადა ზალკალიანმა.