საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი წარადგინა. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე შედგენილი გრაფიკი მომდევნო 2 კვირას მოიცავს.
„დღეს უკვე განხორციელდება თბილისი – ბერლინი – თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს. მათი თავმოყრა ბერლინში საელჩოების დახმარებით.
ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის ავიახაზების“ მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან დააბრუნებენ.
შემდეგ კვირაში განხორციელდება თბილისი – ვენა – თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს – თბილისი – ამსტერდამი – თბილისის რეისი.
ასევე კიდევ ერთი კვირის შემდეგ 3 აპრილს თბილისი – ვარშავა – თბილისის რეისი, ხოლო 7 აპრილს განხორციელდება თბილისი – ათენი – თბილისის რეისი.
ასევე 10 აპრილს განხორციელდება თბილისი – ლარნაკა – თბილისის რეისი“, – განაცხადა ზალკანიანმა.
მინისტრის განცხადებით, უწყება უკვე მუშაობს შემდეგი კვირების დაგეგმვაზეც.
„ასევე პრემიერ-მინისტრის დავალებაა და ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული – რომ ბილეთის საფასური არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს უნდა დაიცვას გადამზიდავმა ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ჭერი იყოს მტკიცედ დაცული ავიაკომპანიის მიერ“, – განაცხადა მინისტრმა.