ზანგეზურის დერეფანს აშშ განავითარებს — დღეს აშშ-ში სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება უნდა გაფორმდეს

პუბლიკა

„როიტერი” აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების დღევანდელი, 8 აგვისტოს შეხვედრა თეთრ სახლში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდება.

სამმხრივი შეხვედრა ილჰამ ალიევს, ნიკოლ ფაშინიანს და დონალდ ტრამპს შორის სწორედ დღეს არის დანიშნული.

„როიტერის“ ცნობით, ხელშეკრულება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე.

გამოცემას ოფიციალურმა პირებმა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით უთხრეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მოიცავს „კონკრეტულ გზებს მშვიდობისკენ” და მიემართება დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი სატრანზიტო საკითხის მოგვარებას.

კერძოდ, საქმე ეხება ზანგეზურის დერეფანს – აზერბაიჯანმა სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის გაყვანა მოითხოვა, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს ნახჭევანთან – აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.

ზანზეგურის დერეფანს სახელად დაერქმევა TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity) – ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

„როიტერი” წერს, რომ მარშრუტი სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად შედგება, ხოლო შეერთებული შტატები მიწას ინფრასტრუქტურისა და მართვისთვის ქვეიჯარით კონსორციუმს გადასცემს.

„შემდგომი კომერციული დანიშნულებით, ეს ნაბიჯი რეგიონს განბლოკავს და შემდგომ საომარ მოქმედებებს თავიდან აგვაცილებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, ზანგეზურის კორიდორის გახსნის შემთხვევაში უსაფრთხოებას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) უზრუნველჰყოფდა.

ოფიციალური პირების თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომლითაც ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას მოითხოვენ. მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა, რათა შუამავლობა გაეწია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. 1997 წლიდან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.