ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურში ამ კვირაში ექსპერტების საერთაშორისო მისია ჩავა

პუბლიკა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა მისია უკრაინაში მიემგზავრება. ექსპერტები რუსების კონტროლქვეშ მოქცეულ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს ეწვევიან და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან.

მისიას IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი უხელმძღვანელებს. „ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. მეამაყება, რომ გავუძღვები ამ მისიას, რომელიც ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს ამ კვირაში ეწვევა“, – წერს რაფაელ გროსი.

ატომური ელექტროსადგური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარტში დაიკავეს. თუმცა სადგურის უსაფრთხოების საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსები სადგურს საფრად იყენებენ და სამოქალაქო ობიექტებს მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ბომბავენ. რუსები კი უკრაინელებს ელექტროსადგურზე თავდასხმებში ადანაშაულებენ.

გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენესკიმ განაცხადა, რომ ევროპას ერთი ნაბიჯი აშორებს რადიაციული კატასტროფისგან, მას შემდეგ, რაც ის გარკვეული ხნით გაითიშა უკრაინის ენერგოქსელიდან.

გაერო გამოვიდა ინიციატივით, რომ ატომური ელექტროსადგური დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.