ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის - უკრაინელი ოფიციალური პირები

პუბლიკა

რუსებმა უკრაინის ზაპორიჟიეს ოლქში მდებარე ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარის მერი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ატომურ ელექტროსადგურს ამ დრომდე ცეცხლი უკიდია.

ატომურ ელექტროსადგურზე შეტევისთვის გამანათებელი ბომბის ჩაგდების ვიდეოს პრეზიდენტი ზელენსკიც ავრცელებს.

„მტრის მიერ უწყვეტი დაბომბვის შედეგად, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობები, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის“ – ორლოვის განცხადებას, რომელიც მან „ტელეგრამის“ საშუალებით გააკეთა, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ორლოვის თქმით, მომხდარი საფრთხეს მთელს მსოფლიოს უქმნის.

დმიტრო ორლოვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა ატომური ელექტროსადგურისკენ 3 მარტს, საღამოს გაემართა, რის შემდეგაც ელექტროსადგურს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

როიტერი აცხადებს, რომ სხვა წყაროებით, ინფორმაციის გადამოწმებას ვერ ახერხებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო, „რია ნოვოსტი“ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ, რადგან მათ რუსული ჯარი ესვრის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები და შექმნან უსაფრთხოების ზონა.