„ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ვიდეო გაავრცელა სადაც ის და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს წინასწარ ულოცავენ და დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ.
„ოცნების” დეპუტატები აბუ-დაბიში მოქალაქე ლაშა გაბითავილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაბიტაშვილმა სასტუმროში გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს რამე საამაყო, უბრალოდ ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი. როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს“, – ამბობს ზარქუა.
სანიკიძე ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და „უსამშობლოებს“ ყოველთვის გასცემენ პასუხს:
„მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის, როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მრავალ ძველით ახალ წელს დაესწარით კიდევ ერთხელ, ბედნიერად, ჯანმრთელად“.
გავრცელებულ ვიდეოში გაბიტაშვილი ამბობს, რომ მან პოლიცია გამოიძახა. „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ის ყვება, რომ საუზმის დროს „ოცნების“ წევრები მასთან მივარდნენ გუშინ მომხდარის გამო. წინა დღეს გაბიტაშვილმა პროტესტი გამოხატა და „ოცნების“ წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. გავრცელებულ ვიდეოებს გუშინვე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუა და მან მომხდარს „პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი“ უწოდა.
„საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ვიჯექი ჩემთვის და ზარქუამ, ალბათ, გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ, საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, მერე ყველამ აიგდო, რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ. ამას ხომ ველოდი, ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არაფერი დამშავებია…“ – თქვა გაბიტაშვილმა.