ირაკლი ზარქუა სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ეთერში ამბობს, რომ აბუ-დაბის საპატიმროს დატოვების საშუალება ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცათ. თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის 80 ათასი დოლარი, როგორც გავრცელდა.
„იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით”. – თქვა ზარქუამ.
ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს აბუ-დაბიში საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაშა გაბიტაშვილმა სასტუმროში გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ის ყვებოდა, რომ სასტუმროში საუზმის დროს „ოცნების“ წევრები მასთან წინა დღეს მომხდარის გამო მიცვივდნენ.
ასევე, სხვა მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იწყებენ „ოცნების“ წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავდასხმას ლაშა გაბიტაშვილზე, რომელიც სასტუმროში ცოლთან ერთად საუზმობდა.
წინა დღეს ლაშა გაბიტაშვილმა წინა დღეს აბუ-დაბიში პროტესტი გამოხატა „ოცნების“ წევრების მიმართ მათი ქმედებების, მათ შორის, ბათუმში აქციის მონაწილეების გამო და ამის ამსახველი ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
ინციდენტის შემდეგ დააკავეს როგორც „ოცნების” წევრები და მათი თანმხლები ადამიანები, ასევე ლაშა გაბიტაშვილი.
ზარქუამ თქვა, რომ გაბიტაშვილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა, „პროვოკაცია მოაწყო და მისაღები მიიღო”.
მან ისაუბრა კიდევ ერთ მოქალაქეზე, რომელიც ინციდენტში ფიგურირებს, ჩხუბში „ოცნების” წევრების მხარეს მონაწილეობს და თეფშსაც ისვრის. ზარქუას თქმით, მას არ იცნობდნენ.
„ამის შემდეგ პროცედურა რაც იყო, საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ იქ და შესაბამისად, გამოძიება დაიწყო ამასთან დაკავშირებით, თან დამძიმებული ის ჰქონდა იმას, აქედან კარნახობდნენ ეტყობა, რომ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმაა და დეპუტატების გარდა სხვაც მონაწილეობდაო. ‘
ის ვიღაც ახალგაზრდა იყო იქ, ბევრი ქართველი ისვენებდა იქ და ჩასული იყო.
ეტყობა, იმდენად ამოუვიდათ ხალხს ეს პროვოკაციები, რომ თვითონაც თეფში ისროლა.
არც ვიცნობთ ამ ადამიანს, როგორ მოხვდა იქ, რანაირად”. – თქვა ირაკლი ზარქუამ.
მისივე განცხადებით, „ის, რაც მოხდა, საამაყო არ არის. თუმცა, „შეურაცხყოფაზე ყოველთვის ასეთი რეაქცია ექნებათ, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა”.
„იმიტომ რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ”. – ამბობს ზარქუა.