ზარქუა: ხაბეიშვილის გამო სიდედრი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა

პუბლიკა

დღეს პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა. პარლამენტარები სესიაზე პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდნენ.

ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი კობახიძეს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე უპასუხა და მას „რუსი ოლიგარქის მოურავი“ უწოდა.

ირაკლი კობახიძემ დღეს „ნაცები“ სპორტსმენებთან ბრძოლაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „ნაციონალებს ქართული სპორტის წარმატება სწყინთ და არ უხარიათ“

კობახიძეზე ხაბეიშვილის შეფასებას გამოეხმაურა დარბაზში მყოფი მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ხაბეიშვილს „მასხარა“ უწოდა.

„ხაბეიშვილი საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში. რაში დაიმსახურა იცით ეს ნომინაცია?

2018 წელს საკრებულოში მე და ჩემს სიდედრს გვიჩივლა, 3 მილიონის ქონება გადაუფორმა ზარქუამ თავის სიდედრს 2016 წელსო. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი იქ 70-იანი წლებიდან ცხოვრობს, მე დაბადებულიც არ ვიყავი და ერთი კვირა სახლში არ მიშვება სიდედრი. გვიჩივლა და პროკურატურაში დავდიოდით ჩვენებზე.

ახლა თქვა ირაკლი კობახიძეზე არშემდგარი ადამიანიო. ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. ვინ თქვა ეს? ხაბეიშვილმა, რომელიც შემდგარი მასხარაა.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი კობახიძეს „რუსი ოლიგარქის მოურავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების სიყვარულს ის კაცი ასწავლის, რომელსაც „წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან. მესმის, შეუმდგარი კაცია, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ, მთელი თავისი ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიცილებს. წარმატებული ადამიანების ამოფარება გადაწყვიტა. წარმატებულ ადამიანებზე საუბრობს და თვითონ შეუმდგარი რუსი ოლიგარქის მოურავი რაღაცებს საუბრობს და უიმე, დედა, პატრიარქი როგორ უყვარს ირაკლი კობახიძეს და ჩვენ როგორი სატანისტები ვართ“. – თქვა ხაბეიშვილმა.