ზარქუა: თუ დედას დედა ვერ დაუძახე და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა თავისივე გუნდის მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს მხარს უჭერს და ამბობს, რომ, თუ „სარწმუნოება და ტრადიცია წაგართვეს, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი და დანარჩენი გაერთიანებები”.

„ბიჭო, თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, რომ შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას დედა დაუძახო და მამას – მამა, რა ჯანდაბად გინდა მაშინ ევროკავშირიც და დანარჩენი გაერთიანებები.

არ აინტერესებთ ამათ. ამათთვის მთავარი არის, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ და ამაში ფული აიღონ. ასე რომ, ჩვენ ამას ყოველთვის წინ აღვუდგებით როგორც აქამდე მოვიგერიეთ, ქართველ ხალხთან ერთად, არაერთი შემოტევა ამ ხელმოცარულების და დაფინანსების მქონე პირების, მათ შორის მდიდარი „ენჯეოშნიკების”.

ახლაც გავუძლებთ ქართველ ხალხთან ერთად და გავიტანთ გასატანს და დავიცავთ ჩვენს იდენტობას”. – თქვა ირაკლი ზარქუამ.

არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

2024 წლის 25 მარტს „ქართულმა ოცნებამ” ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირა, რომელიც მხატვრული ნაწარმოებების ცენზურასა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

წარდგენამდე მის შესახებ მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.

„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს. კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.

შემდეგ კი უნდა მოხდეს მთელი რიგი კანონების შეცვლა და მათი ჰომოფობიურად ფორმულირება.

მდინარაძის ჰომოფობიურ ინიციატივაში ნათქვამია, რომ „კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს”.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, აკრძალულია იმგვარი შეკრება, ასევე, ისეთი ნაწარმოებების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში ამავე შინაარსის ინფორმაციის მიწოდება.

ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.