ზაურ დარგალის წარდგენის პარალელურად მოსახლეობა ნარიმანოვის ძეგლის გამო აქციას მართავდა

პუბლიკა

ბანერებით წარწერით: „აღსრულდეს კანონი, მოხდეს პირსისხლიანი ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი“, „კანონდამრღვევი დარგალი ვერ იქნება პარლამენტში“, – ხმაურით, სტვენით, შეძახილებით: – „სირცხვილი!“ –  გააპროტესტეს მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ჯერ კიდევ არსებობა ადგილობრივებმა. დღეს მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ზაურ დარგალს ხელისუფლების წარმომადგენლები წარუდგენდნენ მოსახლეობას.

სწორედ პრეზენტაციის მიმდებარედ შეიკრიბნენ აქტივისტები და როგორც „მარნეულის რადიოს“ ვიდეოში ჩანს, ზოგ მათგანს ღონისძიებაზე შესვლაც უნდოდა, თუმცა დაცვამ უთხრა, რომ წარდგენა უკვე დაიწყო და ვეღარ შევიდოდნენ. ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებთან პოლიციაც მივიდა და ისმის, როგორ უხსნიან ადგილობრივები სამართალდამცველებს, რომ ისინი თავიანთ პროტესტს გამოხატავდნენ, აგრესიისა და კანონის დარღვევის გარეშე.

https://www.facebook.com/marneulifm/videos/595072377847224/

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ძეგლის დემონტაჟი მოითხოვა.

ეპისკოპოსის განცხადებით, თუ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია იყო შეცდომა, ეს საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე.