საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან თავისი კანდიდატურის მოხსნა სურს. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა.
როგორც განცხადებაში წერს, 22 ნოემბერს მან თალაკვაძეს წერილით მიმართა და მოითხოვა, გარკვეული ვადით გადაედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით მისი კანდიდატურის პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენა, რასაც, მისი აზრით, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
„გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული.
როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი“, – წერს თავაძე განცხადებაში.
თავაძე, მისივე განცხადებით, ამ კითხვების პასუხად, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობს.