ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ „მთავარ არხზე” გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ დისტანციური სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი იქნებოდა, სტუდენტებმა ინტერნეტის გადასახადზე ფინანსური შეღავათებით ისარგებლონ. მან მოუწოდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, რომ იფიქრონ ამ მიმართულებით.
„იმ განსაკუთრებული პირობების გამო, რომლებიც ახლა დადგა საქართველოს წინაშე, შეიძლება, რომ საჯარო და კერძო სექტორი დაფიქრდეს იმაზე, რომ სტუდენტებისთვის შეღავათიანი პირობები დავაწესოთ ინტერნეტით ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ სტუდენტებისთვის ახლა ინტერნეტი არ არის გასართობი, ან ფუფუნების საგანი, ახლა ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გავლითაც მათ უნდა მიიღონ განათლება.
შესაბამისად, თუ შესაძლებელი იქნებოდა, პროვაიდერებთან თანამშრომლობა და სტუდენტებს ექნებოდათ ფინანსური შეღავათები (საერთოდ უფასო თუ იქნება, ეს მთლად უკეთესია, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაკეთებადია), ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნებოდა დისტანციური სწავლების პროცესში”, – აცხადებს ზედანია.