ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ - აშშ-ს ყოფილი ელჩები

პუბლიკა

„ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ“, – აცხადებს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი. 

აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა და უილიამ კორტნიმ „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისა და თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრეს. „პუბლიკა“ მასალას უცვლელად გთავაზობთ.

„ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ“, – ამბობს კორტნი.

ზედოზირების გარდაცვალების მიზეზად დასახელება, არასერიოზულად მიაჩნია კენეტ იალოვიცსაც. ყოფილი ელჩისთვის ნათელია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს, მის სასტიკად ცემასთანაა დაკავშირებული და არ უკვირს, რომ ადამიანს, ვისაც თავის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული, შესაძლოა, სასიკვდილო ტრავმა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა და შემოწმების მომენტში ის სულაც არ იყო შესამჩნევი.

„მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყო ნაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინში გაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?’’

ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 53 ჟურნალისტზე თავდასხმა და ის ქმედებები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობისგან ვიხილეთ, ძალიან აზიანებს საქართველოს იმიჯს.

იალოვიცის თქმით დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება და ამის მიზეზი არა მხოლოდ 5-6 ივლისის მოვლენები, არამედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.

„ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, ეს არის მთელი სერია მოვლენებისა, სადაც დემოკრატია ნელ-ნელა სუსტდება, ნაწილ-ნაწილ. ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ყველა ის წარმატება, რომელსაც ვხედავდით ბოლო დროს საქართველოში, ასევე მცირდება ნელ-ნელა“, – ამბობს იალოვიცი.

მომხდარზე გარკვეულწილ პასუხისმგებლობას უილიამ კორტნი საქართველოს ეკლესიასაც აკისრებს: „დასავლეთში, რა თქმა უნდა, ძალიან გაწბილებული იყვნენ იმით, რომ ისე ჩანდა, თითქოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე, არატოლერანტული იყო ლგბტქ მშვიდობიანი აქტივობებისა“.