ზედოზირების დროს გამოსაყენებელი მედიკამენტი „ნალოქსონი" ამოიღეთ სარეცეპტო სიიდან - GHRN

პუბლიკა

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” (GHRN) გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიმართავს და ზედოზირებით სიკვდილის პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტ „ნალოქსონის” სარეცეპტო სიიდან ამოღებას მოითხოვს.

„ნალოქსონი” ოპიოდებით გამოწვეული ზედოზირების დროს გამოიყენება. ორგანიზაციის განმარტებით, მის საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტის წარდგენა, რაც ხშირ შემთვევაში არ აქვთ ნარკოტიკების მომხმარებლებს და არც დროა საიმისოდ, რეცეპტის გამოწერაზე ვინმემ ზედოზირების დროს იზრუნოს. გთავაზობთ განცხადებას:

„31 აგვისტო ნარკოტიკულ ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი იღუპება ზედოზირებით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  ნარკოტიკული ზედოზირების და მისგან გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი მზარდია, რაც აიხსნება იმით, რომ შავ ბაზარზე  გამოჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელებიც გამოირჩევიან მაღალი სასიკვდილო შედეგით.

მსოფლიოში სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევების 75%-ზე მეტი გამოწვეულია ოპიოიდებით: როგორც ბუნებრივი ოპიატებით –ისე სინთეზური ნივთიერებებით.  2020 წელს თითქმის 50 000 ადამიანი დაიღუპა შეერთებულ შტატებში ოპიოდებით გამოწვეული ზედოზირებით, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

Covid-პანდემიის პირობებში, ზედოზირების რისკები ისედაც გაზრდილია. პანდემიის დაწყების დღიდან კანადაში ოპიოიდები ზედოზირებით სიკვდილიანობა 58% -ით მეტი იყო 2020 წლის აპრილი-ივნისის  კვარტალში,  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა ზედოზირებით გარდაცვალების შესახებ არ არსებობს.

საქართველოში ზედოზირების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის – ნალოქსონის ხელმისაწვდომობაც კი შეზღუდულია.  რამდენიმე წელია თხოვნით მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ნალოქსონი ამოიღის რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების სიიდან, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

ნალოქსონი ჯანმოს მიერ შეტანილია სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო საშუალებების სიაში, შესაბამისად ამ პრეპარატის შეტანა რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში, (ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით), ზღუდავს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატზე ხელმისაწვდომობას.

უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ფონდის პროექტის ,,ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება“ გამახორციელებული ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის  წევრი ორგანიზაციების მიერ ნალოქსონის დისტრიბუცია  ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის 2009 წლიდან ხორციელდება, როდესაც პირველი საპილოტე პროგრამა ,,წაიღე სახლში ნალოქსონი“ დაინერგა. პროექტის აქტუალობა გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული ნარკოსცენით, სადაც წამყვანი ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებებია. შესაძლებელია, ითქვას, რომ ქვეყანაში მოქმედი ზიანის შემცირების პროგრამებით წლების განმავლობაში გადარჩენილიი იქნა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

თუმცა, ნალოქსონი არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი პროგრამების გარეთ. მის საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტის წარდგენა, რაც ხშირ შემთვევაში არ აქვთ ნარკოტიკების მომხმარებლებს, ან თან არ  აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ და არც დროა საიმისოდ, რეცეპტის გამოწერაზე ვინმემ ზედოზირების დროს იზრუნოს.  ნალოქსონის მაქსიმალური ნეგატიური შედეგი შეიძლება იყოს ძლიერი აღკვეთის ე.წ ,,ლომკის” დადგომის რისკი, თუმცა ოპიატებით ზედოზირებით გარდაცვალების რისკი მაქსიმალურად მაღალია.

დღეს, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს,  რომ ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაფართოების და შესაბამისად ოპიოდიების მომხმარების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, ამოიღოს ის სარეცეპტო რეჟიმიდან და დაუქვემდებაროს თავისუფალ გაყიდვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას, როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზედოზირების ფაქტს შეესწარით.