ზეგ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს გამოვაქვეყნებთ, რომლებიც თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დასჭირდებათ - ტიკარაძე

პუბლიკა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში იმ მოქალაქეებზე ისაუბრა, რომლებსაც ფინანსური ზარალი ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ნახეს.

ტიკარაძის განცხადებით, ოთხშაბათიდან იმ დოკუმენტების დეტალური ჩამონათვალი გახდება ცნობილი, რომელთა წარდგენაც თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დასჭირდებათ.

„იქნება გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დოკუმენტაციას მიაწვდიან როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და შემდეგ ჩვენს პორტალზე მოხდება ამ მონაცემების გაანალიზება და იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან მოქალაქეები, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას და შესაბამის სოციალურ დახმარებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ოფიციალურად დასაქმებულებსა და უხელფასო შვებულებაში მყოფთა შესახებ განაცხადა, რომ მათი იდენტიფიცირება გაცილებით მარტივი იქნება.

„ვინაიდან აქ არსებობს გარკვეული შრომითი ხელშეკრულებები, ასევე არსებობს ჩარიცხვები და გადასახადები, რომლებიც აისახება როგორც ჩვენს ბაზაში და უფრო მეტწილად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბაზაში და სწორედ ამ ბაზების ერთმანეთთან სინქრონით მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, ასევე იმ დოკუმენტაციებით, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. ხოლო შემდეგ უკვე მოხდება მათზე ანაზღაურების გაცემა. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები და ვერ წამოადგენენ, თუ რომელ იურიდიულ პირთან იყვნენ დასაქმებულნი, მათი განხილვის შესაძლებლობა ჩვენ გვეძლევა ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური სამსახურის ბაზაში. ამ ბაზასთან ერთად თანხვედრაში მოხდება ამ ადამიანებისა და ბენეფიციარების განხილვა, თუ რა ტიპის კომპენსაცია ეკუთვნის ამ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამავე თემაზე: ძიძები, მძღოლები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები დახმარებას ვერ მიიღებენ – ჯანდაცვის სამინისტრო

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ პირთან მუშაობენ, დახმარებას ვერ მიიღებენ. მისი თქმით, თვითდასაქმებულთა აღრიცხვა არ არსებობს, განსაკუთრებით, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების. მისივე განმარტებით, მოქალაქეები იურიდიული ცნობის საფუძველზე შეძლებენ დახმარებების მიღებას.