16 აპრილს საქართველოს პარლამენტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას – „ტყის კოდექსის“ პროექტის შესახებ, რომელიც ტყესა და მის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. პროექტში მე-15 მუხლი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საქართველოს ტყეების გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.
ორგანიზაცია TDI აღნიშნულ საკითხზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ღიად არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს, საქართველოს საპატრიარქოა.
„კანონის შესაბამისი მკაცრი ზომების გატარებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად, ხელისუფლება პერიოდულად მოლაპარაკებებს მართავს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამ ნაბიჯით, სახელმწიფო საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სწორედ ამ დროს, ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს. ამ ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დრო და კონტექსტი“, – აცხადებს TDI
ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობის ინიციატივით ცვლილებები შედის საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით:
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება კი სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.
დღეს მოქმედი საქართველოს „ტყის კოდექსით“:
საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია იყოს ტყის ფონდის მესაკუთრე (მე–9 მუხლი), ასევე სახელმწიფოსთან ერთად, ჰქონდეს მიჩენილი ტერიტორიების მართვის უფლება. თუმცა, ტყის კოდექსი საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის მხოლოდ მიჩენის (მართვის) პროცედურებს აწესრიგებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ–ერთი მიზანი კი ტყის ტერიტორიის საკუთრების უფლებით გადაცემის პროცედურების განსაზღვრაა.
„ტყის კოდექსის“ კანონპროექტის მიხედვით:
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ქონება შეიძლება გადაეცეს სასყიდლით. აღსანიშნავია, რომ სასყიდლით გადაცემა შესაძლოა მოხდეს სიმბოლურ ფასადაც, მათ შორის 1 ლარად.
TDI ამ ცვლილებებს მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოეხმაურა და უარყოფითად შეაფასა საპატრიარქოსთვის დამატებითი და ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭება.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები“, – აცხადებს TDI
პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი პლენარულ სხდომაზე. საბოლოო, მესამე მოსმენა კომიტეტში 16 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტს შესაძლებლობა ექნება ცვლილებები პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცოს.