„ზეგანაკვეთური სამუშაოს მაღალი მაჩვენებელი“ - კვლევა საჯარო სამსახურში შრომით უფლებებზე

პუბლიკა

2022 წლის 7 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, პრეზენტაცია გამართა –  „შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში – სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები“.

კვლევის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი დადებითი ტენდენციები: ა) ქალი საჯარო მოსამსახურეების მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება და, მოთხოვნის შემთხვევაში, ანაზღაურების გარეშეც; ბ) საჯარო დაწესებულებების მიერ ქალი საჯარო მოსამსახურეებისთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად ანაზღაურება.

კვლევის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები: ა) საჯარო დაწესებულებების მიერ პირების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გადაჭარბება; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაღალი მაჩვენებელი და ამ მიზნით გაცემული სახელფასო დანამატის მცირე ოდენობა; გ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სრულად სარგებლობის სიმცირე; დ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენების არარსებობა; ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაღალი მაჩვენებელი; ვ) ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევების არარსებობა; ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნის სიმცირე; თ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენების მცირე რაოდენობა; ი) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანების ან/და კავშირის არარსებობა.


კვლევის მიზანია საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგი. კვლევის ფარგლებში განხორციელდა ა) საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებთან; ბ) სამიზნე საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; გ) საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; დ)  სოციოლოგიური კვლევა (თვისებრივი და რაოდენობრივი).

კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: ა) სამუშაო დრო და დასვენების დრო; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაო და სახელფასო დანამატი; გ) არასრულ (ნახევარ) განაკვეთზე მუშაობა; დ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და მისი ანაზღაურება; ვ) პროფესიული განვითარების გამო შვებულება; ზ) შრომითი უფლებები კარიერის მართვის პროცესში (დროებითი ფუნქციების დაკისრება; საკუთარი ფუნქციებისგან გათავისუფლება და სხვა ფუნქციების დაკისრება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა); თ) პროფესიული კავშირები.

კვლევის სრულ ვერსიას და რეკომენდაციებს გაეცანით ბმულზე.