„ზეგის“ თანამშრომლის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ კომპიუტერები ამოიღო - კომპანიის ადვოკატი

პუბლიკა

კომპანია „ზეგის“ ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლის ჩხრეკის შემდეგ ორი კომპიუტერი ამოიღეს.

თუმცა, ჭაბაშვილის თქმით, ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინებაში კონკრეტული არაფერი ეწერა, ამიტომ უცნობია მისთვის, რა კავშირშია კომპანიის თანამშრომლის კომპიუტერები ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან. ასევე, ადვოკატის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა კომპანიის 5 თანამშრომელი, რომელთა სახლებშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა.

„სასამართლოს განჩინებით იყვნენ, თუმცა რა კავშირშია ჩხრეკა მიმდინარე გამოძიებასთან, იქ არ ეწერა. ამიტომ, ჭორებით ვერ ვიმსჯელებ. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ გავიგე, რადგან იქ [განჩინებაში] არაფერი ეწერა.

რაც შეეხება რა ამოიღეს, განჩინებაში არ ეწერა, მაგრამ როცა გვკითხეს, ელექტრონული მოწყობილობები რა გაქვთო, ორი ლეპტოპი იყო, აქედან ერთი ბავშვის, გამოუტანა და მისცა [„ზეგის“ თანამშრომელმა]. მერე გაგრძელდა ჩხრეკა, მაგრამ სხვა არაფერი უნახავთ“, – თქვა ჭაბაშვილმა.

შპს „ზეგში“ თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, რომელიც 18 ივლისს გაუჩინარდა და 5 დღის შემდეგ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში თავის მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

კომპანიის დირექტორი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა თამარ კობერიძეა, მისი მფლობელი კი ამჟამად აშშ-ის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი.