შვეიცარიაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე პოსტს აქვეყნებს.
ის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, მოვა დრო, როცა ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრი ერთად იქნება.
„გლობალური სამშვიდობო სამიტის დროს, მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოების გამოწვევები. მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის საჰაერო ტერორის შესახებ.
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისა და იმ სამიტში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვართ. მე დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ”, – წერს ზელენსკი.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო.