უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ აქვთ, რაც, მისი თქმით, ძალიან ცუდია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკი ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკურ სამიტს ესწრება.
სამიტს ასევე ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კობახიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. ის მრავალ წელს ითვლის. მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ჩვენ გვქონდა ეს და გვექნება მომავალშიც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. უკრაინელი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის, რომელმაც ამ ომის დაწყებისთანავე დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა და ჩვენც ყოველთვის პატივს ვცემდით და მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია.
კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ხელისუფლება და რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენა.
„ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა […]
ქართველები ძალიან კარგი ხალხია, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. ვიცი, რომ თქვენ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქ მოხვდებით. თქვენ გაიმარჯვებთ”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.