უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო კვირას აშშ-სან „მნიშვნელოვანი შეხვედრა” შედგება, ვინაიდან ამერიკულმა და უკრაინულმა გუნდებმა მუშაობა განაახლეს.
ეს მან ევროპულ საბჭოში გამართული სამიტის პარალელურად X-ზე ვრცელ პოსტში თქვა.
თავისი პოსტით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ემანუელ მაკრონის მიერ შემოთავაზებულ შეზღუდულ ზავს – საფრანგეთის პრეზიდენტმა Le Figaro-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს იდეა მან გასულ კვირას ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტზე წარმოადგინა.
კერძოდ, მაკრონის თქმით, მისი იდეა მოიცავს ოთხკვირიან ზავს „ჰაერში, ზღვასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე”. ზავი არ მოიცავს სახმელეთო ბრძოლას ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინის აღმოსავლეთში.
„ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება იმის დადასტურება, რომ [ზავი] ფრონტის გასწვრივ დაცულია”. – განუცხადა მაკრონმა გამოცემას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოუწოდა რუსეთს, დათანხმდეს შეთანხმებას ტყვეების გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ეს ნიშნავს „ელემენტალური ნდობის შექმნას”.
მან ასევე თქვა, რომ „უკრაინელებს ნამდვილად უნდათ მშვიდობა, მაგრამ არა უკრაინის დათმობის ხარჯზე” და დასვა კითხვა, „შეუძლია თუ არა რუსეთს, დათმოს ომი”.
ზელენსკიმ ასევე გააკეთა გაფრთხილება რუსეთის მხრიდან განგრძობად თავდასხმებზე, ბალსტიკური რაკეტებისა და დივერსიულ ჯგუფებზე, რომლებიც ცდილობენ, შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე სუმისა და ხარკივში.
უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა ევროკომისიის გეგმას ევროპს გადაიარაღების შესახებ, მას „სწორი ინიციატივა” უწოდა და მოუწოდა მათ, გამოყონ თანხები უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის.
ზელენსკიმ მადლობა გადაიხადა ევროპული თავდაცვის მრეწველობაში თანხების ინვესტირების ძალისხმევისთვის და თქვა, რომ კონტიტენტი „უნდა გახდეს ადგილი, სადაც მსოფლიოში ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე და ეფექტიანი იარაღები იწარმოება”.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ლიდერებს მოუწოდა, დააჩქარონ ევროპული ფინანსური ინსტრუმენტის შემუშავების პროცესი უკრაინის გამძლეობისთვის.
ზელენსკიმ სთხოვა ევროკომისიას, „განბლოკოს“ მუშაობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრებაზე.
მადლობა გადაუხადა ევროპელებს უკრაინის მხარდაჭერისთვის.