უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხმაურება და ამერიკას მთელი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ამ ნაბიჯის გამო მადლობას უხდის.
ზელენსკი წერს, რომ ივანიშვილი „თბილისის ფაქტობრივი მმართველია” და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციოს.
„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.
ივანიშვილი დღეს თბილისის ფაქტობრივი მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ხალხისთვის დემოკრატიის დანგრევა და დანაშაულებრივი რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ყველა ხალხს.
უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება-ძლიერი ამერიკული სანქციები. და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს, ყველა პარტნიორს მსოფლიოში, ვინც აფასებს ხალხთა ნორმალურ ცხოვრებას და თავისუფლებას, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა მან გააცნობიეროს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურებისა და ქართველი ხალხის დამცირების ფასი.
ჩვენ გვჯერა, რომ ვერც ერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას”, – წერს ის.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
14024-ე აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილი დასანქცირდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი 2021 წლის 15 აპრილს მოაწერა და ის მიმართულია რუსეთის მთავრობის მიერ აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების საპასუხოდ. იქ აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტული ქმედებები წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის. კერძოდ, საუბარია რუსეთის ქმედებებზე, რომ:
- ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ასევე, დემოკრატიულ ინსტიტუტებს აშშ-ში, მის პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებში;
- ჩაერთოს ან ხელი შეუწყოს მავნე კიბერ აქტივობებს აშშ-ის, მისი პარტნიორებისა და მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ;
- წაახალისოს და გამოიყენოს ტრანსნაციონალური კორუფცია უცხო მთავრობებისთვის გავლენის მოსახდენად;
- დისიდენტების ან ჟურნალისტების მიზანში ამოღების მიზნით განახორციელოს ექსტერიტორიული ქმედებები;
- ძირი გამოუთხაროს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და რეგიონების უსაფრთხოებას;
- ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის დაარღვიოს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
განკარგულების ფარგლებში დაწესებული სანქციებით იბლოკება ქონება და ფინანსური ინტერესები იმ პირების, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ ქმედებებთან, მათ ეზღუდებათ აშშ-ში შესვლა და ტრანზაქციები.