უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართა.
მან კონგრესს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით მიმართა: „მე მაქვს ოცნება“, რომ ჩაიკეტოს ცა, რათა გადარჩეს ჩემი ხალხი, რომელიც რუსულ აგრესიას მესამე კვირაა, იგერიებს“.
„ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ამას განიცდის, სამი კვირაა. ოდესა, ჟიტომირი, დნეპრი და სხვა ქალაქები… სადაც რუსეთის ჯარები ხალხს მიზანში იღებს და ხოცავს. რუსული ბომბები გვხოცავს. ესაა ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია, არ უნახავს. ნუთუ, ბევრს გთხოვთ, ჩაკეტეთ ცა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი ხოცვა. ნუთუ ბევრს გთხოვთ?! ან მაშინ ალტერნატივა შემოგვთავაზეთ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ევროპა.
„მე მაქვს ოცნება“ და ამ სიტყვებს თქვენ კარგად იცნობთ; ჩემი ოცნებაა, ჩაკეტოთ ცა; ჩემი ოცნებაა ეს, რათა დავიცვა ჩემი ხალხი. უკრაინა მადლობას უხდის ამერიკას დახმარებისთვის, რასაც გვიწევთ სხვადასხვა სფეროში.
მადლობა, რომ ეკონომიკურ წნეხს მიმართავთ რუსეთზე.
მადლობელი ვარ რეზოლუციისთვის, რომელიც სამხედრო დანაშაულად აფასებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინის ტერიტორიაზე. ახლა გთხოვთ, რომ მეტი გააკეთოთ, მეტი სანქციები, რათა შეჩერდეს ეს აგრესია, შეჩერდეს ტერორი. ეს სანქციები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე რუსეთის მკვლელი მანქანა შეჩერდება.
ამერიკის სანქციებმა უნდა ამოიღოს მიზანში რუსეთის ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც ახლა ოფისებში სხედან და ამ ომს მშვიდად უყურებენ. ყველა დასავლურმა კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსეთი.
გთხოვთ, ქალბატონებო და ბატონები, თუ თქვენ გაქვთ ამ კომპანიებთან კავშირი, მოუწოდეთ მათ, რომ რუსეთი დატოვონ. ყველა დასავლური ბაზარი უნდა ჩაიკეტოს რუსული პროდუქციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.