უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ესმის ბელგიის პრემიერის რისკები, თუმცა მის ქვეყანას უფრო დიდი რისკები აქვს.
ზელენსკიმ თქვა, რომ მომავალ წელს უკრაინის საგარეო დახმარების დეფიციტმა მომავალ წელს შესაძლოა 45-50 მილიარდ ევროს მიაღწიოს. მისივე განცხადებით, თუ კიევი გაზაფხულზე ევროპისგან ფინანსურ დახმარებას არ მიიღებს, მათ შორის „რეპარაციის სესხს“, უკრაინა იძულებული იქნება მნიშვნელოვნად შეამციროს იაფი საბრძოლო დრონების წარმოება.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს, თუ კიევისთვის რეპარაციის სესხი დამტკიცდება.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს ასევე შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრ, ბარტ დე ვევერს და განაცხადა:
„ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა, ერთმანეთის გვესმის… მესმის მისი რისკები, მაგრამ უფრო დიდი რისკებიც გვაქვს“.
ზელენსკი ამბობს, რომ ეთანხმება პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კომენტარს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ [უკრაინისთვის] „ან ფული დღეს, ან სისხლი ხვალ“, მაგრამ არ სურს ვინმეს შეშინება ან დაშინება.
2022 წელს ომის დაწყების შემდეგ გაყინული 190 მილიარდი ევროს რუსული აქტივების უმეტესობა ამჟამად ბელგიაში ინახება, აქედან გამომდინარე, ბელგია შიშობს მათი გამოყენების იურიდიულ შედეგებთან დაკავშირებით.