უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის გარეშე მიღებულ შეთანხმებას არ მიიღებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა. ტრამპის თქმით, პუტინს „ალბათ“ უახლოეს მომავალში შეხვდება და ვარაუდობს, რომ ეს შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მიზანშეწონილი არ არის უკრაინის NATO-ში გაწევრება.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წავიდეს, რომლითაც მას სურს, მოლაპარაკება ორმხრივი იყოს მას და შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, ჩვენ გარეშე დადებულ შეთანხმებას არ მივიღებთ. მე მჯერა, რომ ევროპელებიც უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრი“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადების შემდეგ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ უკრაინა „რა თქმა უნდა, ამა თუ იმ გზით მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში“.
უკრაინის პრეზიდენტის აზრს იზიარებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი.
მისი თქმით, ევროპის ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება „უბრალოდ არ იმუშავებს”.
რაც შეეხება NATO-ში უკრაინის გაწევრებას, კალასი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე არაფერი არ უნდა გამოირიცხოს, რადგან ეს რუსეთს შეუწყობს ხელს.
მანვე დასძინა: „რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს, რაც სურთ? – ეს დაშოშმინებაა, ამას არასდროს გაუმართლებია”.
„NATO-ს წევრობა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც არსებობს. და რეალურად, ეს ყველაზე იაფი გარანტიაც არის.
თუ ვამბობთ, რომ NATO-ს წევრობა არ იქნება, მაგრამ რაიმე სხვა უსაფრთხოების გარანტიები იქნება, მაშინ ყველამ უნდა უპასუხოს კითხვას: რა არის ეს უსაფრთხოების გარანტიები რეალურად?
კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, რომ თუ იქნება ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება, ის უბრალოდ არ იმუშავებს! ვინაიდან, ნებისმიერი სახის გარიგებისთვის, ნებისმიერი სახის შეთანხმებისთვის, გვჭირდება ევროპელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას, გვჭირდება უკრაინელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას.
ეს კარგადაც არ ჩანს, თუ ვინმე რამე შეთანხმებას და ყველა დანარჩენი ამბობს: „კარგი, შენ შეთანხმდი, მაგრამ ჩვენ ამას არ გავითვალისწინებთ. უკრაინელები ამას წინააღმდეგობას გაუწევენ და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ”. – თქვა კაია კალასმა.
12 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.
ჰეგსეთის თქმით, აშშ-ს, ევროპის მსგავსად, „სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს”, მაგრამ უკრაინისთვის „2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა”.
თავად დონალდ ტრამპმაც კითხვაზე: „როგორი იქნება უკრაინის საზღვრები ომის დამთავრების შემთხვევაში – იქნება თუ არა რუკა იმის მსგავსი, როგორიც 2014 წლამდე იყო?” უპასუხა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, მისივე თქმით, დაკარგული „ტერიტორიების რაღაც ნაწილი დაუბრუნდება” უკრაინას.
13 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე გამოაქვეყნა უკრაინის რუკა წარწერით: 603,628 km².
603,628 km²
pic.twitter.com/rDvPpPIyYM
— MFA of Ukraine
(@MFA_Ukraine) February 13, 2025
ეს პოსტი გააზიარა რამდენიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა და უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა.