„შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ აშშ მხარს გვიჭერს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ზელენსკის განცხადებით, პირობების წამოყენება იქნება ომის გახანგრძლივების და დიპლომატიის ჩაშლის განზრახვის მტკიცებულება.
„ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყოვლისმომცველი; ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. სავსებით შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის უზრუნველყოფა შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ეს ნამდვილად რეალურია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე ევროპის ლიდერებს ერთობლივი პოზიცია აქვთ.
„ეს მნიშვნელოვანი მომენტია ამ კონფლიქტში, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას და შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ მხოლოდ ერთმა ქვეყანამ დაიწყო ეს არალეგალური კონფლიქტი, რუსეთმა და პუტინმა და ერთადერთი ქვეყანა – რუსეთი და პუტუნი – დგას მისი მშვიდობიანი მოგვარების გზაზე“, – განაცხადა სტარმერმა.
პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა:
„დღეს ჩვენ ყველანი აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პუტინს მივმართავთ. თუ ის სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, მას აქვს შანსი, რომ ეს ახლავე დაამტკიცოს. ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ და თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. პრეზიდენტ ტრამპთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის შედეგად სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ვაიძულოთ.
ყველანი შევთანხმდით, პროცესის დასრულებამდე უკვე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. ახლა კი ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვიმყოფებით“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ მაკრონი, სტარმერი, ტუსკი, მერცი. ასევე ონლაინ ფორმატში ესწრებოდნენ ფინეთის, ლიეტუვის, ევროსაბჭოს, ევროკომისიის, რუმინეთის პრეზიდენტები, ბელგიის, ბულგარეთის, დანიის, ესტონეთის, საბერძნეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლუქსემბურგის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, სლოვენიის, ჩეხეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, ავსტრალიისა და ხორვატიის ვიცე-პრემიერები და ისლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.