ზელენსკი: მქონდა პოზიტიური და გულწრფელი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს „პოზიტიურად” აფასებს და ამბობს, რომ საუბარი იყო „შინაარსობრივი, ასევე, გულწრფელი”.

„მე მქონდა პოზიტიური, შინაარსობრივი და გულწრფელი საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინამ და აშშ-მა უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა, რათა ომი რეალურად დასრულდეს და მივაღწიოთ ხანგრძლივ მშვიდობას. ჩვენ გვწამს, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ამერიკის ხელმძღვანელობის ქვეშ, ხანგრძლივ მშვიდობას შეგვიძლია ამ წელს მივაღწიოთ.

პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარე პუტინთან მისი საუბრის დეტალები და საკვანძო საკითხები, რაც განიხილეს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ომის სრულად დასრულებისკენ ენერგო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე იერიშის შეწყვეტა შეიძლება იყოს. მე ამას მხარი დავუჭირე და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ მის განსახორციელებლად. ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაშიც განიხილეს. ამერიკულმა მხარემ ასევე შემოგვთავაზა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ბრძოლის ხაზებზე და უკრაინა მასაც დათანხმდა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს ასეც მოხდეს. გვწამს, რომ მსგავსი ნაბიჯები აუცილებელია, რათა შეიქმნას შესაძლებლობა სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულების მოსამზადებლად”, – წერს ზელენსკი.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ის, ასევე, ამბობს, რომ საუბარი ზელენსკისთან იყო „კარგი”. მისი თქმით, შეთანხმების თვალსაზრისით, „სწორ გზაზე” არიან.

გუშინ, 19 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის რამდენიმესაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა, რის ფარგლებშიც ისინი „შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.

პუტინმა უარი თქვა სრულ წინადადებაზე, რაც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოიცავდა და თქვა, რომ ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის პარტნიორები კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას შეწყვეტენ.

ამასთან, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ დღეს ისინი 175 პატიმარს გაცვლიან.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებაზე უარიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვი, პოლტავა, ჩერნიჰივი, კიევი და სხვა რეგიონები.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის დაბომბეს საავადმყოფო სუმიში.