უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა „სააღდგომო ზავის“ პირობები დაარღვიეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენების თანახმად, რუსულმა დანაყოფებმა დღეს დილით ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით 59 დაბომბვა და 5 თავდასხმითი შეტევა განახორციელეს.
„ჩვენი ჯარისკაცები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა სარკისებურად გააგრძელებს მოქმედებას.
გუშინ 18:00 საათიდან დღეს 00:00 საათამდე რუსეთის არმიის მიერ განხორციელდა 387 დაბომბვა და 19 თავდასხმითი მოქმედება. რუსებმა დრონები 290-ჯერ გამოიყენეს.
საერთო ჯამში, აღდგომის დილის მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის ზოგადი შთაბეჭდილება, მაგრამ ზოგჯერ არ წყვეტს წინსვლისა და უკრაინისთვის დანაკარგების მიყენების ცალკეულ მცდელობებს. რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები“, – აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, უკრაინის წინადადება 20 აპრილის 00:00 საათიდან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება. „ჩვენ ვიმოქმედებთ ადგილზე არსებული ვითარების შესაბამისად”, – აღნიშნავს ზელენსკი.
19 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ომში „სააღდგომო ზავის“ შესახებ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაცია აჩერებს ყველანაირ სამხედრო ოპერაციას ზავის პერიოდში და ელოდება საპასუხო მოქმედებას კიევისგან“, – თქვა პუტინმა.
კრემლის განცხადებით, რუსული მხარე 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე (მოსკოვის დროით) შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს.