რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ გავრცელებული ცნობებიდან სამი დღის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ რუსეთმა „უნდა იგრძნოს”, რაც უკრაინას გაუკეთა.
„მე მადლიერი ვარ ჩვენი თითოეული მეომრის, თითოეული სამხედროსა და მეთაურის, ვინც ჩვენი უკრაინული პოზიციების დაცვას უზრუნველყოფს და ჩვენი თავდაცვის ამოცანებს ასრულებს. უკრაინელებმა იციან, როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. და ომში მიზნების მიღწევა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. რუსეთმა მოიტანა ომი ჩვენს მიწაზე და უნდა იგრძნოს, რაც გააკეთა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა 6 აგვისტოს გაავრცელეს ცნობები, რომ რუსმა მესაზღვრეებმა და FSB-ის თანამშრომლებმა მოიგერიეს უკრაინელი სამხედროების შეტევა. მათი მტკიცებით, რუსეთში ბატალიონის ზომის სამხედრო დაჯგუფების შეჟონვა მოხდა ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას მიმართულებით.
ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორობის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა „აღმოფხვრან რეგიონში მტრის შეჭრის შედეგები“.