ვოლიდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმი მიიღებს.
„ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე დონბასისა და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს“ – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
„პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ ყველაფერი უკვე გვესმის. ჩვენ არ გვიღებენ ნატო-ში, რადგან ეშინიათ რუსეთის. სულ ეს არის. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, ვთქვათ, „კარგი, უსაფრთხოების სხვა გარანტიები“. არიან ნატო-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ, გახდნენ უსაფრთხოების გარანტორები, რომლებსაც სამწუხაროდ, არ შეუძლიათ, უზრუნველყონ ალიანსში ჩვენი ასპროცენტიანი წევრობა, თუმცა მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც ნატო-ს უნდა გაეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ალიანსის წევრები ვიქნებოდით. ვფიქრობ, ეს ნორმალური კომპრომისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში საუბარი იქნება საკონსტიტუციო და უკრაინის კანონმდებლობის ცვლილებებზე.
„მე ვუხსნიდი ყველა მომლაპარაკებელ ჯგუფს: როდესაც საუბრობთ ამ ცვლილებებზე, ისინი შეიძლება იყოს ისტორიული, ჩვენ არსად არ წავალთ. ჩვენ რეფერენდუმამდე მივალთ. ხალხმა უნდა თქვას და პასუხი გასცეს კომპრომისის ამა თუ იმ ფორმატებზე, ხოლო როგორი იქნება ისინი – ეს უკვე უკრაინასა და რუსეთს შორის ჩვენი საუბრისა და გაგების საკითხია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ, წავიდე ყველაფერზე, თუ ჩემი ეს სვლა ხალხთან ერთად იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.